ირაკლი ღარიბაშვილი - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, ისინი გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს
ირაკლი ღარიბაშვილი - ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, ისინი გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს

მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს, მინდა, გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს და ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

„ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2 000-ზე მეტი დაიჭრა და ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ ამ ომით, 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებით ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, –  განაცხადა პრემიერმა.