ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ჯარი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს
ირაკლი ღარიბაშვილი - ქართული ჯარი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს

ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს. ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და ღირსეული სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სამხედროებს მადლობას უხდის თავდადებისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც, თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად, მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს, მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა, ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ღირებულებები, შექმნა საფუძველი ჩვენი მთავარი მიზნის ასასრულებლად, რაც ნიშნავს ერთიან, ძლიერ საქართველოს. პატივცემულო სამხედროებო, მინდა, ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისა და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს, ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება გვმართებს. ამავდროულად, ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და, პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.