ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერობის დროს არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა, ყველა გადაწყვეტილება იყო კანონთან შესაბამისობაში
ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერობის დროს არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა, ყველა გადაწყვეტილება იყო კანონთან შესაბამისობაში

ჩემი პრემიერობის დროს არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველა გადაწყვეტილება იყო კანონთან შესაბამისობაში სრულად და არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს იყო დაფარული და დამალული.

„ნებისმიერი ინფორმაცია არასოდეს არ მქონია დაფარული, დამალული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი – გულწრფელად აგიხსნით – როდესაც მე მომმართავდნენ კითხვით ყველაზე კორუმპირებული, დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების, მათი სატელიტების წარმომადგენლები და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მქონდა პროტესტი. ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო და, ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც იყო შესაბამისი. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის ვალდებულება არ არსებობდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს ღია მმართველობის საბჭო, რომელსაც საქართველო შეუერთდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს.

„მინდა, შეგახსენოთ, ჩემი პრემიერობის დროს, მე ამას სიამაყით ვიტყვი ყოველთვის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო საქართველო. მთავრობის ეფექტიანობის, კეთილსინდისიერების, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა, ჩემი პრემიერმინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე, საუკეთესო პოზიციებზე. გნებავთ უსაფრთხოების რეიტინგებში, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ჩვენ ვართ საუკეთესო ათეულსა და ოცეულში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამბიცია არის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს რეიტინგები, ეს მონაცემები.

რაც შეეხება განკარგულების გამოქვეყნებას, ეს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ისედაც, მე ჯერ კიდევ პრემიერი ვიყავი, შეხვედრა გაიმართა დეკემბერში, თუ არ ვცდები, საჯარო მმართველობის ფარგლებში და, სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათივე ნებით და სურვილით, მათი გადაწყვეტილებით უბრალოდ არ იმართებოდა ეს საბჭო. არ მონაწილეობდნენ. მათ გამოაცხადეს საბოტაჟი, მოგვწერეს პრეტენზიებით ავსებული წერილი და თქვეს, რომ ისინი აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, შეწყვეტილი იყო საბჭოს მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ბოლოს განახლდა ეს, დეკემბერში თუ არ ვცდები, თუ ნოემბერში იყო მიმოწერა და ეს პროცესი გაგრძელდება. ასე რომ, მე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ტელევიზია „ფორმულა“, როგორ შეიძლება, ლაპარაკობდეს კორუფციაზე და გამჭვირვალობაზე.

ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში, მეც დიდი დრო არ დამიხარჯავს ამაზე, ამ პრაქტიკის შეცვლაზე. ჯერ ერთი, არ არის ეს რაღაც დადგენილი წესი და საერთაშორისო სტანდარტი, რომ, გინდა თუ არა, ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. მანდატორული წესი ეს არ არის. ჩვენ დავამუშავეთ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითები. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, თქვენ გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?!

თქვენ, მედია რატომ არ ითხოვდით არასოდეს, სამი წელი ვიყავი პრემიერი, ერთხელ შემახსენეთ, როდის მოითხოვეთ ამა თუ იმ განკარგულების ასლი? მე, რა თქმა უნდა, გაგიზიარებდით.

კეზერაშვილი არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში, სააკაშვილთან ერთად. როგორ შეიძლება კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით, ეს ხომ ძალიან დიდი უსამართლობაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.