ირაკლი ღარიბაშვილი - პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი გვაქვს

პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკმარისი არ არის.

„მაგალითად, 7 წლის წინ  27 ივნისს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, პოლიციის დეპოლიტიზება და მისი გაძლიერება, უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება, ჯარის გაძლიერება, ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ეს არის საკმარისი? – რა თქმა უნდა, არა. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის, მოქალაქეების სიღარიბე. ნახევარ მლნ-ზე მეტი დღეს სახელმწიფოსგან იღებს შემწეობას, რომ გადარჩნენ. მათ შორის, 180 000 ბავშვია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი მხრივ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს წარსული, რომ მოქალაქეები დაზღვეულები იყვნენ შეცდომების განმეორებისგან, ხოლო მეორე მხრივ, უნდა ვიფიქროთ, სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ.

„ამ პირობებში, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, სტაბილურობა, გარდა პირადი ეგოსი. სწორედ, პირადი ინტერესების გამო ხდება ყველაფერი. ის, რაც ხაზარაძემ თქვა, სწორედ, პირადი ინტერესების გამო იყო. რაც ვაშაძემ თქვა, ასევე მისი პირადი ამბიციების გამო იყო. აღარ ვსაუბრობ „ნაცმოძრაობაზე“ და მათ პირად ამბიციებზე, მათი ბელადის პირად ზრახვებზე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. დაანგრევს ამ ქვეყანას, კიდევ გაყიდის, ჩააბარებს მტრებს, ოკუპაციას გააკეთებინებს დამატებითი ტერიტორიებისა, რათა მან ხელახლა მოიპოვოს ძალაუფლება. ამას ვერ ეღირსებით, მეგობრებო. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ისევ მიწევს საუბარი მათ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე. ძალიან ბევრი ვისაუბრე ჩვენს გრძელვადიან ხედვაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ მოვედით დღევანდელობამდე. ერთი მხრივ, წარსული უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, ჩვენი ხალხი დავაზღვიოთ შეცდომების განმეორებისგან. მეორე მხრივ, სად ვართ დღეს და სად გვინდა, რომ ვიყოთ – აი, სწორედ ამ ხედვაზე ავაგეთ ჩვენი გამოსვლა, მთავრობის ხედვაც სწორედ ამაზეა დაფუძნებული, ჩვენი პოლიტიკაც. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, თითოეულ დეპუტატს, ვინც მთავრობას გვერდში გვიდგას. როგორც ერთიანი გუნდი, მჯერა, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეგვიძლია,“ – აღნიშნა პრემიერმა.