ირაკლი ღარიბაშვილი - პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელსაც მოვახდენთ რთველის სუბსიდირებას, რქაწითელის ღირებულება იქნება არანაკლებ 0,90 ლარისა
ირაკლი ღარიბაშვილი - პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, წელსაც მოვახდენთ რთველის სუბსიდირებას, რქაწითელის ღირებულება იქნება არანაკლებ 0,90 ლარისა

უკვე დავიწყეთ რთველისთვის სამზადისი; ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, გაშენდა ახალი ვენახები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო რვა წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა.

„მინდა, ფაქტები მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას – ბოლო რვა წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო – 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წელს გადამუშავდა 52 200 ტონა ყურძენი, ხოლო 2020 წელს – 283 ათასი ტონა ყურძენი.

„ასეთი სხვაობა, ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ჩვენ ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად გვესმის, ლევან დავითაშვილმა შეაფასა ქვეყანაში არსებული სიტუაცია, წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას და ჩვენი ინფორმაციით, აშკარაა, რომ ღვინის კომპანიების მხრიდან თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს ჭარბი მოსავლის გამო, რომელიც წინა წლებშიც ჰქონდათ. მათ, შეიძლება, გაუჭირდეთ დაბინავება-რეალიზაცია და სწორედ ამ ყველაფრის და რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პოსტპანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ჩვენ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. ერთი კგ რქაწითელი ეღირება არანაკლებ 0,90 ლარისა, აქედან კომპანიები სახელმწიფოსგან დამატებით მიიღებს 0,35 ლარს, ანუ რეალურად, მოსახლეობა მიიღებს ამ დანამატს და ჯამში, მინიმუმ 0.90 ლარი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი