ირაკლი ღარიბაშვილი – პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ყველამ ერთად გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ევროკავშირში ყველა თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ენა უნდა გამონახონ და მუშაობა პარლამენტში განაგრძონ.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მუშაობა იქ განაგრძოს.
„დღეს მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირში. იმ ხალხთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს უკეთესი მომავლით. თუ შევაჯამებ, მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. მე „ყველა“-ში ვგულისხმობ აბსოლუტურად ყველას. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია. მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტერთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც აქ მოვისმინეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები ცხადყოფს, რომ ოპოზიციის მიერ კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
„განცხადებები, რომელიც არის ბატონი ბორელის, ვარჰეის, გახლავთ ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია მათ გაახმოვანეს. აქედან გამომდინარე, შეკითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, ვნახეთ ოდირის ბოლო ანგარიში, მოვისმინეთ ევროკავშირის პოზიცია, დღესაც იგივე დადასტურდა. რეალურად, ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მაიმედებს ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, არ ვგულისხმობ სააკაშვილს, მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მჯერა კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, გადადგამენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე მოსახლეობისთვის უკეთესი იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.