ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ

ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაიხსნა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში.

ამასთან, მისი თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, ეს საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

„ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი. ამის იქით, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად ორიენტირებული, რომ დავახლოვდეთ, ვიყოთ თავსებადი, ჩვენი თავდაცვის ძალები იყოს თავსებადი მაქსიმალურად ნატო-ს სტანდარტებთან. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა მოვერიდოთ ამაზე საუბარს. მოსახლეობა არ უნდა ვკვებოთ ილუზიებით და უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ეს თუ ევროპა, სწორედ ამას მოგვიწოდებდა, მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მაქსიმალურად გონივრულად უნდა ვმართოთ ეს მოლოდინები და არ მოხდეს ისეთი იმედგაცრუება, რომელიც მივიღეთ 2008 წელს, როდესაც საქართველოში შეიქმნა რაღაც ზეიმის, ტრიუმფის მოლოდინი და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა აგვისტოს ომით, სხვათაშორის, მილიარდ ლარამდე ღირებულების სამხედრო ტექნიკა იქნა დაკარგული თუ კონფისკირებული, წაღებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს არის არაგონივრული პოლიტიკისა და მუშაობის შედეგი.