ირაკლი ღარიბაშვილი - პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა
ირაკლი ღარიბაშვილი - პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა

პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.

„მინდა, რამდენიმე სიტყვით მივმართო მოქალაქეებს. მოგეხსენებათ, გასულ კვირას, 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება. ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციებზე, მინდა განვმარტო, რომ უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული შეკითხვა დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა, ამიტომ მსურს, მოქალაქეებს განვუმარტო, ავუხსნა შემდეგი: მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. ანუ მოლდოვას და უკრაინასაც ჩაუწერეს, რომ მიენიჭებათ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი. ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია, ასევე მოლდოვასთვის, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამავდროულად, მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენს შემთხვევაში, არის პირიქით. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც არის დადებული, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია, ტერიტორიების 20 პროცენტი უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, რადგან მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების. ძალიან ბევრი, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკი გაეზარდა მოლდოვას“, – განაცხადა პრემიერმა.