ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის მიუხედავად, ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად, ე.წ. ოცნების ქალაქის მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
აჭარის მთავრობამ უკვე დაიწყო პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.
პრემიერ-მინისტრთან ერთად „ოცნების ქალაქში“ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.