ირაკლი ღარიბაშვილი - ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება, 63 მუნიციპალიტეტში დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები
ირაკლი ღარიბაშვილი - ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება, 63 მუნიციპალიტეტში დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები

წელს ჩვენ დავიწყეთ კიდევ უფრო ამბიციური პროექტის – „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა. პირველი შეფასებით, მილიარდი ლარი მოხმარდება ამ ქალაქებისა და კურორტების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

„ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონების ურბანული განახლება. მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება. 63 მუნიციპალიტეტში დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები. 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-ამდე  პარკს და სკვერს; რეაბილიტირდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში; პროექტების განსახორციელებლად უკვე ინვესტირებულია 550 მილიონი ლარი.

წელს ჩვენ დავიწყეთ კიდევ უფრო ამბიციური პროექტის – „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა. პირველი შეფასებით,  მილიარდი ლარი მოხმარდება ამ ქალაქებისა და კურორტების განვითარებას. პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

გრძელდება მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერა. დღეისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო. შეღავათებზე მიიმართა დაახლოებით 100 მილიონი ლარი შარშან, ხოლო წელს 121 მილიონი ლარია დახარჯული მაღალმთიანი რეგიონების დასახმარებლად.

მნიშვნელოვანია ფისკალური დეცენტრალიზაცია მეგობრებო. ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში დღგ-ს განაწილების სისტემაზე გადასვლის შედეგად წლის ბოლოსთვის ჩვენ ველოდებით, რომ მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება დაახლოებით მილიარდ 600 მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 100%-ით მეტია 2018 წელთან მიმართებაში“, – განაცხადა პრემიერმა.