ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციონერებისგან გაუთავებელი დესტაბილიზაციის მცდელობაა, არადა, დეოკუპაციის, შერიგების ხაზი არის ეკონომიკური სიძლიერე, უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციონერებისგან გაუთავებელი დესტაბილიზაციის მცდელობაა, არადა, დეოკუპაციის, შერიგების ხაზი არის ეკონომიკური სიძლიერე, უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი პრობლემა და გამოწვევა ქვეყნის ოკუპაციაა. მისივე თქმით, ოპოზიცია გაუთავებლად ცდილობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას, რასაც აფხაზი, ოსი თანამოქალაქეებიც ხედავენ.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, დეოკუპაციის, შერიგების თუ გაერთიანების ხაზი არის ეკონომიკური სიძლიერე, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და შიდა სტაბილურობა.

„რაც შეეხება დეოკუპაციას და ჩვენს პოლიტიკას, უმნიშვნელოვანესი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც სულ ახლახანს გამოცხადდა. მინდა, გოჩა ლორთქიფანიძეს გადავუხადო მადლობა და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ მეტად მნიშვნელოვანი, ისტორიული გადაწყვეტილების წარმატებით დაგვირგვინებაში. ჩემს გამოსვლაში დროის სიმცირის გამო ოკუპაციაზე, ყველა პრობლემაზე ვერ ვისაუბრე. ნომერ პირველი გამოწვევა, მთავარი პრობლემა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის დაკარგული, რაც განაპირობა ამ დესტრუქციული ოპოზიციის მმართვლობამ. მათ თავიდან ვერ აიცილეს ის უბედურება, რომელიც მოიტანა აგვისტოს ომმა და რამაც განპირობა, ჩვენი ტერიტორიების რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან აღიარებამ.

შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილია ჩვენი მოსახლეობისგან ეს ორი, ჩვენი ძირძველი ტერიტორია, ჩვენი მოსხლეობა, თანამოქალაქენი. აქედან გამომდინარე, მინდა, მთავარი ვთქვა, რაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყოველთვის გავავიწყდება. მოდით, ვიყოთ რეალისტები და ყველაფერს ღია სიმართლე დავუპირისპიროთ. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აფხაზი, ოსი თანამოქალაქეები უყურებენ, როგორი გაუთავებელი დესტაბილიზაციის მცდელობები მიმდინარეობს ჩვენი ოპოზიციონერების მხრიდან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა ჩვენს ერში, ხედავაენ, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური პირობები. მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, რაც არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ დღესაც ვართ ღარიბი ქვეყანა, ამიტომ, ვფიქრობ, დეოკუპაციის, შერიგების თუ გაერთიანების ხაზი არის ეკონომიკური სიძლიერე, კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ჩვენი შიდა სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.