ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - რას დაობენ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი, ვიცით, რომ მილიონამდეა, 100 000 რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - რას დაობენ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი, ვიცით, რომ მილიონამდეა, 100 000 რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?

რას დაობენ საერთოდ, მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში თუ ნახევარი მილიონი?!  ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთშია.

„რას დაობენ საერთოდ, მილიონი ცხოვრობს თუ ნახევარი მილიონი? ჩვენ ვიცით, რომ მილიონამდე არსებობს. ასი ათასი რომ იყოს, არ არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დიასპორაზე?! მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე დიდი დიასპორა არის რუსეთში. ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ იქ. ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს იქ. სააკაშვილს არაფერი არ მოუთხოვია, უფრო მეტიც – მაშინ ზეწოლა მოახდინეს, თავად აღიარეს, რომ ეროვნულ ინტერესებზე თქვეს უარი, არაფერი არ მოითხოვეს სანაცვლოდ და მხარი დაუჭირეს ამ ომის შემდეგ, რაც მე მოგიყევით, რომ გახსნა უვიზო რეჟიმი, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს მოქალაქეებს, ტურისტებს და ცდილობდნენ, რომ ვაჭრობა აღედგინათ და ასე შემდეგ, და რუსეთს დაუჭირა მხარი სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ნებისმიერ მოქალაქეს ახლა რომ ჰკითხო, რომ გააჩერო და, აი, რას მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტი, ან ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი სანაცვლოდ, როცა ოკუპირებული ქვეყანაა და ამხელა რაღაცაზე მიდიხარ რაღაც ხომ უნდა მოითხოვო შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის? რა მოითხოვა, მეგობრებო, იცით? მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ვიზიტი. აი, ასეთ პირად ინტერესში გაცვალა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.  ასეთ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე. ასეთი ძალა, მოღალატე, ანტიეროვნული და ანტიევროპული თავისი შინაარსით მოიშორა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა, უბრალოდ, აღარ გვექნებოდა. ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან და ყოველდღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი თუ სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ. პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს. ეს არის ომის პარტია, ამათ შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია და ეს წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ესენი ყოფილიყვნენ დღეს ხელისუფლებაში, რას იზამდნენ? ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ, რომ მერე რა, აი, კიდევ დავიჩაგრეთ. აღარ გვინდა ეს ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, ხალხო, ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანება სჭირდება ქვეყანას.

ამიტომ, მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, ამდენი მტრებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, ჩვენი გუნდი არის ერთიანი ძლიერი და ჩვენი ხალხი არის ბრძენი და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.