ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მან 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი აიღო, რომელიც ევროკავშირის მიერ მოწონებულია და ამ კანონს მიიღებენ.

„ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის პირველ ოქტომბერს. მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატო-ს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას“. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ეს არის ხელშესახები შედეგები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვიცით და ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.