ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
მინდა, მივუსამძიმრო ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი გმირების ნეშტების გადმოსვენება. მოგეხსენებათ, ოთხი სამხედრო პირია აქედან, ცხრა არის სამოქალაქო პირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ნეშტების გადმოსვენების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
„ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. მინდა, აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენი გმირების ნეშტები გადმოვასვენოთ დროულად. ამ პროცესში ჩართული არის როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე წითელი ჯვარი. ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან ამ პროცესში, ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებსა და ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან ოთხი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში გაიმართება. ერთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე – სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.