ირაკლი ღარიბაშვილი - ნინო ლომჯარია გამოვიდა ინიციატივით, რომ პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც გამოიწვევს არჩევნების გადადებას, ეს არის „ნაციონალების“ გეგმის ნაწილი, პროვოკაციაზე არ წავყვებით
ირაკლი ღარიბაშვილი - ნინო ლომჯარია გამოვიდა ინიციატივით, რომ პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც გამოიწვევს არჩევნების გადადებას, ეს არის „ნაციონალების“ გეგმის ნაწილი, პროვოკაციაზე არ წავყვებით

ე.წ. ოპონენტებმა და ოპოზიციამ, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ პრემიერმა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილია.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ვნახეთ ყველა ქვეყნის გამოცდილება, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება.

ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს განმარტა, რომ მისი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერ-მინისტრი, რადგან მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველია.

„ამის საფუძველი კი თავის მხრივ, არის ეპიდემიოლოგიური ვითარება“, – დასძინა ლომჯარიამ. მისივე თქმით, ასევე მიმართავს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ეპიდემიოლოგებს, აცნობონ საზოგადოებას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, როგორი პროგნოზი აქვთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების კუთხით.