ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში გერმანიის ხელმძღვანელობით ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა.

„საქართველოსა და ნატო-ს სამეთაურო სტრუქტურას შორის გაზრდილი თანამშრომლობა არის დასტური ჩვენი პრინციპისა – მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას“, – განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არსებითი პაკეტის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს განახლებული არსებითი პაკეტით ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ახალი, კიდევ უფრო ინტენსიური ეტაპი დაიწყება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის იმპლემენტაცია და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა მიმოიხილა. სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ანგარიშს ასახავდა.

SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

დატოვე კომენტარი