საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს, მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი.
თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა და მისიაში მონაწილეობის დეტალებზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვის, ესტონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.