ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, ეს გეგმა აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება, ეს გეგმა აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი იქნება

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება და რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი.

„მინდა, დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მოგეხსენებათ, ჩვენ, გასულ კვირას, დავიწყეთ თემატური პრეზენტაციები. დღეს გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს პრეზენტაცია, რომელსაც ნათია თურნავა წარმოგვიდგენს. შეგახსენებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას მერე ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად, მივიღეთ უამრავი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები; ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.