ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ჩვენ შევძელით, მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება და ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ქვეყანას
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ჩვენ შევძელით, მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება და ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ქვეყანას

მიუხედავად ჩვენი დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის მცდელობისა, მათი პროვოკაციებისა, საინტერესო დღე გვქონდა. მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ჩვენ ხალხს და დეპუტატებს, პარლამენტს ჩავაბაროთ ანგარიში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა ქვეყანაში კვლავ არსებობს გამოწვევები. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარია მშვიდობის შენარჩუნება.

„მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა მიღწევებზე. ვფიქრობ, შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის. ქვეყანაში რჩება ბევრი გამოწვევა, როგორებიც არის სიღარიბე, უმუშევრობის კვლავაც მაღალი დონე, სხვა გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის გამთლიანებას, გაერთიანებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მოსალოდნელ შედეგზე, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი ერთად ვმუშაობთ. მთლიანობაში, მინდა, ვთქვა, რომ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, რაც ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. მშვიდობის, სტაბილურობის გარეშე არც ეკონომიკური განვითარება იქნება, არც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და საერთოდ ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, როდესაც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები პირად შეურაცხყოფებზე გადადიან.

„რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის პირადი შეურაცხყოფების მოსმენა. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დესტრუქციული, ხელმოცარული, მართლა დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს, რამენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი დარჩენიათ, გარდა ერთისა, რაიმენაირად მეტი პოლარიზაცია, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა შემოიტანონ. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას „ომის პარტია“, „ნგრევის პარტია“, „ქაოსის პარტია“ და „სიკვდილის პარტია“. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან ჩვენ ვართ ხელისუფლება. ძალიან სამწუხაროა, როცა შვილებზე გადადიან, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ზღვარი, წითელი ხაზი, ყოველგვარი ამორალურობისა და უზნეობის დამახასიათებელი. მინდა, ყველა ჩვენს მტერს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა. მათ შვილებს მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.