ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი, საჭიროა ერთიანობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი, საჭიროა ერთიანობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის

უდავო ფაქტია, რომ დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

„რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის – ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე,  მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება, შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში – სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. ორი ათასი წელია, მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენს ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.