ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველოდებით დეკემბრის სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან
ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეკემბერში გასამართ სამიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან.
„გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, მათ შორის კიბერთავდასხმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებები.
ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნების გარდა, ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვინდა, რომ ამ სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ორი სვეტი აღვნიშნოთ – დიფერენციაცია და ინკლუზიურობა. მოუთმენლად ველოდებით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.