ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს როცა ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებებზე, მათ მძიმე წარსულზე, რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი
ირაკლი ღარიბაშვილი - მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს როცა ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებებზე, მათ მძიმე წარსულზე, რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი

მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს როცა ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებებზე, მათ მძიმე წარსულზე, რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „როგორ ხართ ყველას პრემიერი, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეუბნებით, რომ მათ დასრულებას აპირებთ“.

„თქვენ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა. როდესაც მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებებზე, მათ მძიმე წარსულზე, რა შუაშია თუნდაც მათი ამომრჩეველი. მათ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის, სიცრუის, სიყალბის, ჩვენ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტი, სიბოროტის ჩამდენი, უნდა დასრულდეს. როგორც პარტია, პოლიტიკურად განულდეს „ნაცმოძრაობა“, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, „მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია“, – ღარიბაშვილის თქმით, მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი.

არჩილ ჩიქოვანთან დაკავშირებით კი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, ადამიანს ასეთი ცილი დასწამო.

„მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი და ამ სიკვდილის მანქანის შემოქმედი ახალაიებთან ერთად და მერაბიშვილი-ადეიშვილი-უგულავა-მელია, მთელი ეს მკვლელების ბანდა, რომელიც ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე. რაც შეეხება ჩიქოვანს, არ შეიძლება, ადამიანს ასეთი ცილი დასწამო. თქვენ გექნებათ საშუალება, თავად დაუსვათ კითხვები ჩვენს კანდიდატს.

ეს არის სიცურე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. აი, შეხედეთ, როგორ აბსურდში ხართ შეყვანილი. სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ წევრები რაღაც აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ ჩვენს კანდიდატს და ამბობენ, რომ ჩვენს დროსო, რაც ხდებოდა უბედურება, მათ შორის სისხლიანი საქმეები, თითქოს ეს ადამიანი მაშინ სადღაც მუშაობდა. მერე რა, რომ მუშაობდა, ყველა ადამიანი მუშაობდა, ზოგი პოლიციაში, ზოგი სად, მერე წამოვიდა. სააკაშვილს უნდა ელაპარაკოთ მის მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებზე, ტერიტორიების დაკარგვაზე, ადამიანების გაუპატიურებაზე, წამებაზე, ბიზნესების წართმევაზე, ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.