ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თავდაცვის ძალების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ნატო-ში გაწევრიანების მიზანთან და გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

„ჩვენ მივიღებთ უკეთ შეიარაღებულ, მომზადებულ, დაფასებულ და ძლიერ მოტივირებულ ჯარს, რომლიც კიდევ უფრო ეფექტიანად დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება საბრძოლო მომზადებაზე და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე; მოხდება ნატო-სთან თავსებადი თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი მოქნილი და ადაპტირებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება; გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინსტიტუციური განვითარება, განათლება და წვრთნა.

„ჩვენ მიერ შემუშავებული თავდაცვის ძალების ათწლიანი შესაძლებლობების განვითარების ხედვის ფარგლებში განვავითარებთ ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებას, განათლებასა და საბრძოლო მომზადებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, განხორციელდება ეფექტიანი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და რეგულარულ დანაყოფებთან ინტეგრირება, ასევე, ნატო-ში საბოლოო ინტეგრაციის მიზნით, გაძლიერდება პარტნიორობის მექანიზმების გამოყენება.

„გლობალური გამოწვევების ფონზე, გავაგრძელებთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან; კიდევ უფრო გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების მოდერნიზაციის პროცესი; გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და მისი საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის; გავაგრძელებთ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის წარდგენისას.

მინისტრის განცხადებით, ეს ღონისძიებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დიდ მიზანთან და გაზრდის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას ოთხი ძირითადი ამოცანა აქვს: ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა და საბოლოოდ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ეფექტიანი რეზერვისა და რეკრუტირების სისტემის ჩამოყალიბება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად.

„საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად და საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეესაბამება ნატო-ს სტანდარტს, რომლის თანახმად თავდაცვას ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტამდე ხმარდება და ეს შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში. აქტიურად ხორციელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), გაიზარდა საერთაშორისო წვრთნების მასშტაბები და ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა და მომავალში განხორციელდება საბრძოლო-საწვრთნელი ცენტრის (CTC) სრულფასოვანი გამართვა, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც, მისი თქმით, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

„შეერთებულ შტატებთან გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება; დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საქართველო-ამერიკის ერთობლივი უმნიშვნელოვანესი პროექტი – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP); „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსება და 227 მილიონი დოლარი შეადგინა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საამაყო ქართველი ჯარისკაცები ღირსეულად წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანას ავღანეთში და სხვადასხვა მისიაში მსოფლიო მშვიდობის დასაცავად.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და სრული მოდერნიზაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, შემუშავდა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ის ძირითადი მიმართულებები ჩამოთვალა, რომლებიც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად თავდაცვის ძალების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს.

„შეძენილ იქნა და ახლო მომავალში დამატებით იგეგმება თანამედროვე შეიარაღების სისტემების შესყიდვა, როგორიცაა ტანკსაწინააღმდეგო, ასევე წარმატებით მიმდინარეობს ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულების განვითარება. ჩვენ დავიწყეთ და აქტიურად ხორციელდება საავიაციო ძალების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი. მიმდინარეობს ქვედანაყოფების აღჭურვა ამერიკული წარმოების შეიარაღებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა თანამედროვე შეიარაღების სისტემებით. ასევე გეტყვით, რომ დაგეგმილია სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა და 2021 წელს აღნიშნული პროექტი დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმირებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, ქართული ჯარი უკვე მარაგდება საქართველოში წარმოებული ცალკეული სამხედრო ეკიპირებით, თავდაცვის ძალები „დელტასგან” მალე აღიჭურვება მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანებითა და კავშირგაბმულობის მანქანებით.

„აქტიურად მიმდინარეობს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება, მათ შორის, ჩვენ ვმუშაობთ ვაზნების ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე დრონების წარმოებაზე. ასევე, ვმუშაობთ სხვადასხვა ყუმბარმტყორცნზე და სხვადასხვა სისტემების წარმოებაზე. „დელტასგან“ მალე მივიღებთ მოდერნიზებულ საბრძოლო და სამედიცინო ჯავშანმანქანებს და კავშირგაბმულობის მანქანებს. „დელტაში“ ჩვენ ასევე დავაფუძნეთ „დელტა ტექსტილი“. ეს არის თანამედროვე სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ჩვენი გმირი სამხედროებისთვის მოხდება თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის უნიფორმების და სხვადასხვა საბრძოლო ეკიპირების წარმოება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ ჯარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სამხედროებისთვის საუკეთესო ინფრასქტრუტურული პირობების შესაქმნელად თავდაცვის ძალების 250-მდე ობიექტი ნატო-ს სტანდარტებით შენდება და რემონტდება. ასევე, ქართული ჯარისთვის თანამედროვე მსოფლიო ბრენდების 500-ზე მეტი ერთეული საუკეთესო სპეცტექნიკის შესყიდვა განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.  მან აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გაიზარდა. მინისტრმა ჯარისკაცებისთვის კვებითი, სამედიცინო, საბინაო პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით აღჭურვაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისთვის, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვის კუთხით განხორციელებული პროექტები.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. გავუზარდეთ მათ დაფინანსება. ასევე, ამერიკის დახმარებით, ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის აშენდა რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში. გაძლიერდა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაციის სახით იღებენ ასი ათას ლარს. ასევე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ 1000 (ათასი) ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა 5000-მდე მოქმედი, ყოფილი სამხედროსა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ბინების დაკანონების წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი პრობლემის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე სრულად შესრულდება 2007 წელს 2000-ზე მეტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის წინაშე აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, რომლის შესრულება, მისი თქმით, 2013 წელს დაიწყო და მანამდე პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო რვა წლის განმავლობაში ჯარის ინსტიტუციური მართვის გაძლიერებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომლებიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.

დატოვე კომენტარი