ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ
ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ

მოხარული ვარ, რომ ჩემი აქტიური ხელშეწყობითა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მთავრობის მეთაურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

პრემიერის თქმით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

„ჩვენი აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

პირადად ვიმყოფებოდი მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში ჩვენი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

მივესალმები ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ამ გადაწყვეტილებას, რამაც საფუძველი უნდა დაუდოს რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას.

ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ პარტნიორებს და აქტიურად ჩავერთოთ პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.