ირაკლი ღარიბაშვილი - მივყვებით ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების ჩვენ მიერ არჩეულ კურსს
ირაკლი ღარიბაშვილი - მივყვებით ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების ჩვენ მიერ არჩეულ კურსს

მივყვებით ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ქვეყნის გაერთიანების ჩვენ მიერ არჩეულ კურსს, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს ეხმარება და ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება არ ხდება მიზანმიმართულად, რათა მათ პრობლემები არ შეექმნათ ადგილზე.

„შერიგების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი მრავალწლიანი, სტაბილური პოლიტიკაა. ჩვენ მივყვებით ჩვენ მიერ არჩეულ კურსს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ამაზე მეტი საფიქრალი დღეს ქვეყანაში არცერთ ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს არ აქვს, გარდა ამ დესტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიციისა.

მინდა, ასევე ძალიან მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ვეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, თუმცა ძალიან ბევრი პროგრამის აფიშირება მიზანმიმართულად არ ხდება. არ გვინდა, ეს იყოს ერთგვარი დამაბრკოლებელი და ბარიერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ რაღაც პრობლემები შეექმნათ ადგილზე. ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მასშტაბებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.