ირაკლი ღარიბაშვილი - მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე ამაში დარწმუნებული ვარ
ირაკლი ღარიბაშვილი - მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე ამაში დარწმუნებული ვარ

მიუხედავად ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, არაერთი ფაქტი არსებობს, რომ ოპოზიციონერები დღესაც ეწევიან საბოტაჟს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ არ უნდათ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის პროგრესი და წინსვლა.

„არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი საზოგადოება შემაფერხებელი, დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი. მოვიყვანე კონკრეტული ფაქტები. დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დადიოდნენ, ჯერ კიდევ დადიან ევროკავშირში, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მათ შორის ბრიუსელში და ითხოვდნენ, ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. ამას პირდაპირ დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერსების ღალატს. წარმოუდგენელია ჩემთვის და ალბათ ყველა ნორმალური პატრიოტისთვის, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს, მოინდომო და, მით უმეტეს, თხოვნით მიმართო შენს ევროპელ კოლეგებს თუ პარტნიორებს, რომ ქვეყანას არ მისცეთ სტატუსი. სხვა რა შეიძლება, ვუწოდო. აღარ მინდა, ის მძიმე სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე საყურებელი. ამიტომ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე ღიად, რათა გამეფრთხილებინა საზოგადოება, რომ ასეთი მცდელობები იყო, სამწუხაროდ, იქნება მომავალშიც. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ისინი იყენებენ თავიანთ რესურსებს, თავიანთ გავლენიან ლობისტებს.

შარშან, როდესაც ჯერ კიდევ კრიტიკული მომენტი იდგა და კომისიას უნდა მიეღო გადაწყვეტილება სტატუსის თაობაზე, გახსოვთ, რომ რეზოლუცია მიაღებინეს თავიანთ დედა პარტიას. აღარ გავაგრძელებ, კარგად იცით ყველაფერი. არაერთი ფაქტი არსებობს, რომ ისინი ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. ერთდერთი მიზეზის გამო, მათ არ უნდათ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის პროგრესი და წინსვლა.

უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გახსოვთ, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ ევროპელებს, კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ვაქარწყლებთ ამ ნეგატიურ ნარატივს, რომელიც ოპოზიციონერების მხრიდან თბილისიდან უხვად მოედინება. ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა იციან რეალობა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი, მაგრამ მინდა, ყველა დავამშვიდო, მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, ამდენი დესტრუქციისა და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მშვიდობაც გვექნება. ვართ მოწოდებული, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მშვიდად, ფხიზლად და მტკიცედ უნდა მივყვეთ ამ სიტუაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.