ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი ძალიან ღირსეულად წარმოჩინდა
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, „მთის დღეების“ ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ინფრასტრუქტურა, რაც შეიქმნა, დარჩება ქვეყანას და ხალხს.
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი, ჩვენი ფეხბურთის ნაკრები ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა. მინდა, ჩვენს მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ ამ ძალიან ბევრი სიხარულისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაც შეიქმნა – ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები – დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. გაიზრდებიან მომავალი თაობები და უფრო მაგრად გავიმარჯვებთ მომდევნო ჩემპიონატებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობის წერილი გამოუგზავნა. ჩეფერინი წერილში წერს, რომ ქართველების ხედვა და გამოვლენილი ზრუნვა ორკესტრირებულად განაპირობებდა ღონისძიების უდიდეს წარმატებას, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.