ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც მტრებს უნდათ ჩვენი გამიჯვნა და დაშორება
მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც მტრებს უნდათ ჩვენი გამიჯვნა და დაშორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისია, ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეალურ ჰუმანიტარულ კრიზისს ვხედავთ. ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი. ჩვენ იგივე შესაძლებლობები გვინდა იყოს მეორე მხარესაც – განვითარება და კეთილდღეობა არსებობდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
სწორედ ამ მიზეზით, შევიმუშავეთ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხალხს გაუუმჯობესებს ცხოვრების დონეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკეთესი მომავლის იმედი მოქალაქეებს მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა.
„გვწამს, რომ მხოლოდ მდგრადი მშვიდობითა და უსაფრთხოებით მიეცემა უკეთესი მომავლის იმედი ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში იწყებს ეკონომიკა აყვავებას, ხოლო ხალხი კეთილდღეობაში თანაცხოვრებას.
სწორედ ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება.
ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს და ერთი სამშობლოს – საქართველოს – ნაწილი ვართ. ამიტომ, ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საერთო მომავალიც. ერთად და მშვიდობიანად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, რათა ის ჭეშმარიტად დემოკრატიულ, აყვავებულ და მომავალზე ორიენტირებულ, ევროპულ საზოგადოებად იქცეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.