ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, უპრეცედენტოდ მაღალია
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, უპრეცედენტოდ მაღალია

მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, არის 60%, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა 2022 წელს პოლიციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„მინდა, ჩვენს ჯარსა და პოლიციას მადლობა გადავუხადო, სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს.

პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ასეულობით ავტომობილი შევუძინეთ ჩვენს პოლიციელებს, სრულად განახლდება ავტოპარკი, ასევე შეიარაღების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები და განახლება მიმდინარეობს. ასევე, რამდენიმე კვირაში ალბათ, ჩვენ დავიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, ეს იქნება 1 100-ზე მეტი პოლიციელისთვის განკუთვნილი ქალაქი და 1 100-ზე მეტ პოლიციელს გადაეცემა აღნიშნული ბინები.

მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, არის უპრეცედენტოდ მაღალი – 60 პროცენტი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს პოლიციას.

ასევე, ჩვენ დავასრულეთ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა, ფრანგული ვერტმფრენების შეძენა, სახანძრო-სამაშველო მანქანებისა და ვერტმფრენების შეძენაც მიმდინარეობს.

სულ, ჯამში, წელს დამონტაჟდა 816 ვიდეოკამერა, ქვეყნის მასშტაბით კი დამონტაჟებულია 6 230 ვიდეოკამერა. იცით, რომ ჯარისა და პოლიციელთა ხელფასები ოცი პროცენტით გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ სხვა საჯარო მოხელეების ხელფასები მომავალ წელსაც 10 პროცენტით გაიზრდება.

„შარშან დავიწყეთ და 2023 წელს ასევე ათი პროცენტით მოემატება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ეს პროცესი გაგრძელდება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.