ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, კარგად ვიცით მათი ამოცანების შესახებ, სახელმწიფო სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მათ მადლობას ვუხდი
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს ვუთხრა, კარგად ვიცით მათი ამოცანების შესახებ, სახელმწიფო სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მათ მადლობას ვუხდი

მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების შესახებ. მათი ამოცანების, მათი მოქმედებების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე.

„უკრაინიზაციის გეგმა ვახსენე და ამის თაობაზეც ფართოდ ვისაუბრეთ მეც და პარტიის თავმჯდომარემ. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ავაცილეთ ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის მოხსნილი. ამიტომ, მინდა, ჩვენი ქვეყნის შიდა მტრებს და გარე მტრებს ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, მათი გეგმების, ამოცანების, მოქმედებების შესახებ. სახელმწიფო სამსახურები არის მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ ნახეთ, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში, უფრო ნაკლებ პერიოდში, ოთხი მცდელობა იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის და ქვეყნის ომში ჩართვის. ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მე მოვიყვანე და რომლებიც მე შევახსენე ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას. მათგან, რაც მოვისმინეთ, მოვისმინეთ ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. ეს არის მათი ხელწერა. ცრუ დემაგოგია, სიცრუე და ყოველგვარი უსაფუძვლო ბრალდებები და თავდასხმები, პიროვნული შეურაცხყოფები. არ ვაპირებ, მათ გამოვეხმაურო, მით უმეტეს, დარბაზში არ ბრძანდებიან და ასეთი პატივი მივაგო მათ, რომ პასუხები ჩავაბარო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.