ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - მოვისმინე წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს დარღვეული აქვს კომფორტი, რადგანაც შეზღუდული აქვს თავისუფლება
მოვისმინე წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა, ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგანაც შეზღუდული აქვს თავისუფლება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დასმული შეკითხვის პასუხად.
„მე გითხარით, რომ პატიმარზე საუბარს არ ვაპირებ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ, ნებისმიერი, შეგიძლიათ, მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში არა მხოლოდ თქვენ მიერ ნახსენებ პატიმარს, არამედ ყველა პატიმარს უტარდება მონიტორინგი, კვლევა, აქვს სრული კომფორტი, არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო სააკაშვილის დროს, როცა პატიმრებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ პირდაპირ, არამედ იქ არის სრული კომფორტი შექმნილი პატიმრებისთვის, ნორმალური პირობები, კვება შესანიშნავი.
ასე რომ, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს. გასაგებია, მოვისმინე წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, რადგანაც შეზღუდული აქვს თავისუფლება, ბუნებრივია ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბრისას.