ირაკლი ღარიბაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა
ირაკლი ღარიბაშვილი - მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა

რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გულთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულჰამით გულს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია.

„შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მისასალმებელია“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იაკუფ მოღული, თურქეთის პარლამენტის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი