ირაკლი ღარიბაშვილი - მე თავად გავასწორე ყველაფერი, გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - მე თავად გავასწორე ყველაფერი, გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო

არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან, – ამის შესახებ მმართველ პარტიაში დაბრუნებულმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პრემიერობის დროს ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ნათესავური კავშირებით ბოროტად სარგებლოს ზოგიერთი ადამიანი, ამაზე ღიად უსაუბრია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც.

„როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, მაშინ საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას.

ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობენ, რამენაირად იხეირონ. არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია. რაც იყო მაშინ, მე თავად გავასწორე ყველაფერი, გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.