ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდი კახა კალაძეს, კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და გვჯერა, უფრო მეტს გააკეთებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდი კახა კალაძეს, კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და გვჯერა, უფრო მეტს გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა თბილისის მერს და აღნიშნა, რომ კახა კალაძე ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის.

„მინდა, ამ სცენიდან თქვენთან ერთად მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს. კახამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის, ბევრს აკეთებს და ჩვენ გვჯერა, რომ იგი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, დავესწრო ამ ცერემონიას. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მივესალმები კიდევ ერთხელ საპატიო მოქალაქეებს, საპატიო თბილისელებს. მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, სიყვარული და მინდა, ვთქვა მთავარი – გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, კეთილდღეობა, რისთვისაც „ქართული ოცნება“ უფრო მეტს გააკეთებს.

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, სტაბილურობა და გვჭირდება განვითარება. ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. იმისთვის, რომ მიღწეული და შესრულებული იყოს ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყანა, მნიშვნელოვანი ნაწილი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.