ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირაკლი ყურაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ყურაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი ყურაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ყურაშვილი სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და არგენტინის რესპუბლიკაში.

ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად დანიშვნამდე ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.