ირაკლი ღარიბაშვილი - კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა, სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა, სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე.

„საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან ახლა საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და მისი ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია გააჩნია 2025 წლისთვის. შევიმუშავეთ მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია კლიმატის ცვლილებების სფეროში და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც გაიწერა 2030 წლისთვის კლიმატის ცვლილებების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობისა და შედეგების შერბილებისთვის. ამასთანავე, საქართველო თავისი გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით მიზნად ისახავს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის მიღწევას 2050 წლისთვის, ერთიანი ეროვნული ძალისხმევითა და საერთაშორისო ძალისხმევით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85 პროცენტი განახლებად წყაროებზე მოდის. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ წილის შემდგომი ზრდა საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია.

„გარდა ამისა, ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას და მხარდაჭერას, რომელიც მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებებია. დარწმუნებული ვარ, ძლიერი ჩარჩოს შემუშავება და ქვეყნების მდგრადობის ზრდა გახდება ჩვენი ამ მოლაპარაკებების შედეგი შარმ-ელ-შეიხში, თუმცა ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივების და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება.

გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაერო-ს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. არავინ გამოგვრჩეს, არის ეს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. ამიტომ, ხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზე, სამართლიანი გეოგრაფიული მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებში.

დასკვნის სახით მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. ამიტომ, მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში კლიმატის გადასარჩენად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.