ირაკლი ღარიბაშვილი - კიბერუსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - კიბერუსაფრთხოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიბერუსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე რიგით მეორე ფორუმი იმართება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას.

„მოგეხსენებათ, რომ კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ისევე როგორ საჯარო და კერძო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი გახდა ბოლო პერიოდში. ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან. ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა.

რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების როლს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ამაზე მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ – ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას.

„ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და, შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი ძალისხმევის, ისე ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.

რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან.

ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო კვლევითი მიმართულებაც, რათა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორს ერთიანი ძალისხმევა ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, თანამედროვე ციფრული საზოგადოებისა და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს.

კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატი, რისი მაგალითიც დღევანდელი ფორუმია. კიდევ ერთხელ მინდა, მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მინდა, ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.