ირაკლი ღარიბაშვილი - ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, უახლოეს მომავალში ვაპირებ სომხეთში ჩასვლას
ირაკლი ღარიბაშვილი - ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, უახლოეს მომავალში ვაპირებ სომხეთში ჩასვლას

ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, უახლოეს მომავალში კი ვაპირებ სომხეთში ჩასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მას ძალიან კარგი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, ასეთივე ურთიერთობა აქვს მას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება.

„ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ნდობა გვაქვს, რაც მთავარია და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას. მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“,- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებულ ნდობის აღდგენის პროცესში გარკვეული სასარგებლო წვლილი საქართველომ შეიტანოს.

„30 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების ჩართულობით ერთად შევძელით წარმატებული პრეცედენტის შექმნა, როცა საქართველომ მედიაცია განახორციელა ჩვენს მოძმე, მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ურთიერთთანამშრომლობის და მედიაციის ეს წარმატებული მაგალითი შედგა. მოგეხსენებათ, რომ ეს შემთხვევა და ფაქტი იქნა ფართოდ აღიარებული და მოწონებულ იქნა ამერიკის მთავრობისა და ევროკავშირის მხრიდან. ყველას მხრიდან ჩვენ გვქონდა მხოლოდ მოწონება და სწორედ მათი მხრიდან არის წახალისებული, პირად საუბრებში თუ საჯაროდ, აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ის ნდობის აღდგენის პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, ამაში გარკვეული სასარგებლო წვლილი, თუნდაც მცირედი ჩვენმა ქვეყანამ შეიტანოს. რა თქმა უნდა, მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი