ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე
ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

კახეთის რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ქართული, ძირძველი ტერიტორიების დაკარგვასა და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.

„2020 წლის ოქტომბერი სწორედ კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი შეიძლება, იყოს ჩვენს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ჩვენი ხალხისთვის მოიტანა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია. ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ თუ ძალას არ აბალანსებს ღირსება, ასეთი ხელისუფალი უნდა წავიდეს მმართველობიდან. სწორედ ასეთი ხელისუფლება გვყავდა ჩვენ სულ რაღაც რვა წლის წინ. მაგრამ თქვენთან ერთად ჩვენ შეუძლებელი შევძელით. თქვენ ასეთი ხალხი ხართ, ჩემო ძლიერო კახელებო – ღირსეული, ძლიერი ხალხი! მინდა, გავიხსენო ამ კუთხის გამორჩეული შვილები, ვინაიდან ჩვენ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარეთ ჩვენი გამორჩეული გმირების, ჩვენი სამხედროების წინაშე. ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე. კახეთი სწორედ ასეთი გმირი ვაჟკაცების კუთხეა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თავდადებით, შეუპოვრობით, ბრძოლისუნარიანობით, განსაკუთრებული პატრიოტიზმით. მე მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის. ჩვენ, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით გავაგრძელებთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების ეტაპს და ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.