ირაკლი ღარიბაშვილი - ისტორიული იყო ვიზიტი ჩინეთში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით, სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ისტორიული იყო ვიზიტი ჩინეთში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით, სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა

ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სურვილია, 2024 წელს კულტურის ცენტრის მშენებლობა დაიწყოს.

„ასევე, მნიშვნელოვანი იყო, ვიტყოდი ისტორიული მნიშვნელობის იყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც მე გავემგზავრე ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით და ჩვენ შევთანხმდით და გავაფორმეთ ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აწიონ ურთიერთობა, თანამშრომლობა.

ჩინეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ჩვენთვის. სიდიდით მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და ბუნებრივია, ჩვენ ვართ დაინტერესებული ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. ამ მიზნის შემადგენელი ნაწილი იყო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის შემოვიღეთ უვიზო რეჟიმი.

მე ასევე მინდა, ვთქვა, რომ ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენ გვქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტები. შარშან გვქონდა ძალიან საინტერესო, ვფიქრობ, პროდუქტიული ტურნე ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ვიზიტად იმყოფებოდნენ ჩვენთან ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი და ასევე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა ორივე ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს.

ინტენსიური დინამიკით გამოირჩევა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის და ყურის ქვეყნებთან. გვქონდა ძალიან საინტერესო, წარმატებული შეხვედრა საუდის არაბეთში შარშან, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში. მნიშვნელოვანი იყო ზოგადად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება.თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება, რაც ახალი შესაძლებლობა არის ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის.

მინდა, ასევე შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც ძალიან მალე გვექნება კონკრეტული შედეგი. შარშან გადმოგვეცა ჩვენ იორდანიის სამეფოში 4000 კვ მ მიწის ნაკვეთი, სადაც ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა. პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობის, პატრიარქის კურთხევით და ჩვენ ეს პროექტი უკვე დავასრულეთ, მზად არის პროექტი. ახლა მიმდინარეობს, აქტიურად ვემუშავებით ადგილობრივ კომპანიას, მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა და ჩვენი სურვილია 2024 წელს დავიწყოთ აღნიშნული კულტურის ცენტრის მშენებლობა.  უნდა ითქვა, რომ 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ეს არის ძირითადი მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.