ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მაღალი დონის შეხვედრები შედგება ევროპარლამენტსა და ნატო-ში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

როგორც ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის, ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა.

„პრაქტიკულად მოვიცავთ ყველა შესაძლო ფორმატს ნატო-ში. გვექნება ორმხრივი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელსაც მოყვება ბრიფინგი პრესასთან და რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისიის შემდგომი სხდომა პრემიერისა და ნატო-ს ელჩების მონაწილეობით. განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის შიდაპოლიტიკური, დემოკრატიული პროცესები, როგორიცაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თემატიკა, შავი ზღვის უსაფრთხოება, რუსეთის მადესტაბილიზებელი როლი რეგიონში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ზოგადად. რაც ყველაზე მთავარია, განიხილება ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს, როგორც ასპირანტი და უკვე მალე წევრობის კანდიდატობის დაჩქარების პროცესი. ველოდებით ნატო-ს სამიტს, რომელიც წელს დაახლოებით ივნისში გაიმართება. ჩემი აზრით, ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი მომავალი წევრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.