ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია და გასაკვირი არაფერია
ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდშია და გასაკვირი არაფერია

გიორგი გახარია არის შეცდომა, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა და მმართველი გუნდიც არაერთხელ გადაეფარა, თუმცა მან ღალატი ჩაიდინა.

„მოსახლეობას, შეიძლება, აღარ აინტერესებს ამდენი შეფასებები, მაგრამ რადგან მკითხეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კაცი იყო არავინ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოვიდა, მოიყვანა და რეკომენდაცია გაუწია ხუხაშვილმა და მაშინ დაინიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ნდობით. ამხელა ნდობა გამოუცხადა კაცმა და ეს არავინ აქცია კაცად. რომ იტყვიან, ჩააცვეს, დაახურეს, კაცად აქციეს, გადაეფარნენ, მთელი გუნდი გადაეფარა მას, გადაარჩინეს და ამ დროს ასეთი ღალატი ჩაიდინა. ეს შეფასება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა და რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი ღალატია, სხვა ამას რა შეიძლება უწოდო. ეს ნორმალურია, ერთი იუდა ყველა გუნდში არის და არაფერი გასაკვირი არ არის. ამის მაგალითები უამრავია, ყველა ქვეყანაში, ყველა გუნდში, ყველა საზოგადოებასა და ორგანიზაციაში. ვფიქრობ, მან პირველ რიგში საკუთარ თავს გაუკეთა ცუდი საქმე, რა თქმა უნდა, ჩვენ, გუნდი დაგვაზიანა, გუნდს უღალატა და სახელმწიფოს უღალატა, როცა კანონის აღსრულებაზე უარი თქვა და გადაეფარა ნიკა მელიას – ამ მოძალადე კაცს, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, კანონს, სახელმწიფოს და ამ აღსრულების წინააღმდეგ წავიდა და გადადგა. ამის ანალოგი ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში. ვინ უნდა იყოს გახარია, შესაბამისად, ჩემთვის გახარია დამთავრებულია. მით უმეტეს, იცის რა, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კახა კალაძე იმარჯვებს, კახას ალტერნატივა არ ჰყავს, მავნებლურად წავიდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რომ იქნებ თეორიულად მეორე ტურის ალბათობა გაზარდოს და აქაც მელიას გაუწია სამსახური. ვინ უნდა იყოს გახარია ჩემთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა.

„პირველი კრიზისი იყო, კლუბებში რომ შევარდა, პოლიციელები აცემინა, შემდეგ გამოვიდა და ამ ვიღაცებს შემდეგ ბოდიში მოუხადა, ანუ იმ ხალხს, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო. მეორე კრიზისი – პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი, აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, მორიგი უგუნური ქმედება და ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის შუღლი და ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. პირდაპირ აცემინა სპეცრაზმი, ეს ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ტყვიაზე წავლენ, რომ დასჭირდეს ქვეყანას და კაცი არ დაუსჯია. მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე და მათ ჰქონდათ მაშინ ჩავარდნა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ვინ აკონტროლებს საზღვარს? შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. ხოჯევანიშვილი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მაშინ. გახარიას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე, იყო ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამხელა ფასი გადავიხადეთ. რა გააკეთა – დამწყები სპეცრაზმელი ამას აუხსნის ძალიან კარგად ჩვენს მოქალაქეს. პარლამენტის შენობა დღეს ისე არის დაცული, ჭიშკარი, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შეხვიდე, ადამიანებს ვგულისხმობ. მე ეს კითხვა მას დავუსვი მეორე დღეს, როდესაც იყო ამ კრიზისის შეფასება და გარჩევა, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები და აცემინა სამი საათის განმავლობაში აგრესიულ ბრბოს, „ნაცმოძრაობას“ და ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე ღამე პარტიის ოფისში ვიმყოფებოდი, ყველანი და ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი, დაუშინეს შემდეგ და მათ შორის უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს. აი, ეს არის მისი ხელწერა და მისი მართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.