ირაკლი ღარიბაშვილი - გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს, მოვახერხეთ და გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა
გარდა იმისა, რომ შევძელით და თავიდან ავირიდეთ მტრული, ბინძური პროვოკაციები, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყნის განადგურების მიზანს და მთავარი განზრახვა სწორედ ამაში იყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად სპეკულირებენ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თითქოს ომით არის გამოწვეული, რაც ასე არ არის.
„მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის განვმარტო, რას ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მუდმივად აპელირებენ და სპეკულირებენ, თითქოს ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია ომით და ჩვენ ვსარგებლობთ და მხოლოდ ეს ფაქტორი არის განმაპირობებელი დღევანდელი კარგი ეკონომიკური მდგომარეობის. ეს ასე არ არის. მინდა, შეგახსენოთ, რომ შარშან თებერვალში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გავხდი, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია, რისკიანიც ხშირ შემთხვევაში, მაგრამ კარგად გააზრებული. ვიცოდით, რას რა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა.
შარშან წელი დავხურეთ 10,5% ეკონომიკური ზრდით, რამაც მოგვცა საშუალება, გაგვეზარდა პენსიები, ხელფასები, ჩაგვედო მეტი თანხები ინფრასტრუქტურაში და ა.შ. წელსაც, მიუხედავად ამ ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობისა, ამ ადამიანებს უბრალოდ, არ ესმით, ან კარგად ესმით და ეს კიდევ უფრო მეტი დანაშაულია. ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ. მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშეც კი. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რამხელა საფრთხეები და რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი დღეს პოლიგონად არის გადაქცეული. კარგად ვხედავთ, რაც ხდება. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის. ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი, ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს, ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, როგორ მოქმედებენ – ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს, თუ სხვა დახმარებას. ოპოზიციას მივმართავ, ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი, კატასტროფული შეცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.