ირაკლი ღარიბაშვილი - განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა ოთხი პროცენტით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8 პროცენტით
განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, მარტში ეკონომიკა 4 %-ით გაიზარდა, აპრილში რეკორდული 44.8%-ით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაისში მთავრობა 20%-ზე მეტ ზრდას ელოდება.
„განვლილი ურთულესი პერიოდის შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. გასული წელი იყო ძალიან რთული არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის. მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა და აპრილში გვქონდა რეკორდული, 44.8% ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 20%-ზე მეტ ზრდას. არ მინდა მოვლენებს დავასწრო. ძალიან მალე იქნება გამოქვეყნებული მაისის თვის ზრდის სტატისტიკური მონაცემები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.
„ბოლო ას დღეში პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდა მეტნაკლებად ნორმალურ კალაპოტს.
დღეს პარლამენტი უკვე სრულფასოვნად, ხალხის მიერ მიცემული მანდატების შესაბამისად ფუნქციონირებს. მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროცესში მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს და ყველას, ვინც ჩართული იყო მედიაციის პროცესში.
ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების ამოცანები“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად პროგრესისა, ქვეყანაში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც სათანადო პასუხი სჭირდება.
„თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. პარლამენტში ჩვენს წინა შეხვედრაზე გითხარით, რომ ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწეულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ პრობლემებსა და გამოწვევებს, არა მხოლოდ ქვეყნის ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს.
დღეს საქართველოში 300 ათას ადამიანზე მეტია უმუშევარი, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 22 %-ია. მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 394 ოჯახი, ეს არის დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქე, მათ შორის 180 000 ბავშვი.
მხოლოდ ეს ციფრები გვარწმუნებს, რომ საჭიროა, უფრო ენერგიული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.