ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას, დაფარული არაფერი მაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილისგან განსხვავებით, არასოდეს არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას, დაფარული არაფერი მაქვს

განსხვავებით სააკაშვილისგან, არასოდეს მისარგებლია, არცერთი თეთრი დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერს კითხვით მიმართეს – „როგორ შეაფასებდით იმას, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ელიტურ კორუფციად შეაფასა თქვენი ვიზიტი კერძო რეისით?“

„ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის რაღაც, იქნება ეს მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის მგზავრობაში, განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერისა, რომ ბიუჯეტს არ ვიყენებთ, როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო ათი წლის წინ გამეფებული, როდესაც საკუთარი, პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. მადლობა ღმერთს, მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ყველაზე მდიდარ ფონდს ვმართავდი. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ. თქვენ თუ ობიექტური ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ, ამ ოჯახმა საიდან გადაიხადა. ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისად დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, დაელოდეთ დეკლარაციას. ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციას, ამ წელსაც შევავსებ, მომავალ წელსაც. ასე რომ, არავითარი დაფარული არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მასთან დაკავშირებით ყველაფერი გამჭვირვალეა.

„იცით, წლების განმავლობაში ოპოზიცია ამბობდა, რომ სააკაშვილი გასამართლებული იყო მოგონილი პიჯაკების საქმით. ერთ-ერთი მთავარი საქმე, რაც ამ საქმეში დევს და მთავარი მტკიცებულება არის, რომ, მათ შორის, თვითმფრინავის ხარჯები, პირადი ხარჯები დაფინანსებულ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ახლა მთავარი თემა, მთავარი სკანდალი, რაც გამოვლინდა და გახდა საჯარო, არის ის, რომ ჯარს აფინანსებინებდა საკუთარ გართობასა და დროსტარებას. 14 მილიონი ლარია გაფლანგული თავდაცვის სამინისტროდან სააკაშვილის პირადი ვოიაჟებისთვის. რა უნდოდა, რა ესაქმებოდა სააკაშვილს პაბლო ესკობარის საფლავზე, რატომ ჩავიდა კოლუმბიაში? გარდა ამისა, ორი თვითმფრინავი შეაძენინა თავდაცვის სამინისტროს, ეს ყველაფერი არის საჯარო ინფორმაცია და ამაზე უნდა გააკეთოთ აქცენტი. ჩემ ირგვლივ თუ რაიმე ხდება, ყველაფერი მაქვს გამჭვირვალე, არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. ახსენეთ ელიტური კორუფცია, ახსენეთ გიგაური, ვინც ეს გამოაქვეყნა. ეკა გიგაური, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის პროცესში იყო ჩართული იმ კუთხით, რომ მან, თუ არ ვცდები, დამარბევლებს გარკვეული ბონუსები გადაუხადა და ასე შემდეგ, ეს ცალკე თემაა. მეორე საკითხია, რომ არავის გახსენებია, გამოეძიებინა, საიდან გამდიდრდა სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული წევრი კეზერაშვილი. ერთი კეზერაშვილი და მისი კორუფცია გადაწონის მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მომხდარ რაიმე სკანდალურ ფაქტს. ადამიანმა, რომელმაც გაძარცვა ჯარი, ახლა მთელი ევროპა და ევროპის პენსიონერები გაძარცვა, მილიარდ დოლარზე მეტია მოპარული“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამ ქვეყანაზე არასდროს აუგი არ უთქვამს.

„არასოდეს აუგი არ მითქვამს ამერიკის შესახებ, პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა. პოლიტიკამდეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი ამერიკაში და ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკელ ხალხს. ამერიკის განათლების სისტემა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. არ მინდოდა პირად საკითხებზე საუბარი. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა და მოწვევა მიიღო ერთ-ერთი პირველი, საუკეთესო ბიზნესსკოლიდან და აგრძელებს სწავლას პორტლენდის ბიზნესსკოლაში. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ამერიკაში სწავლა, განათლება არის ცუდი. მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს აქვს დავალიანება, ვერ იხდის საფასურს და ამ დროს, პრემიერის შვილი სწავლობს ამერიკაშიო. თუ ელემენტარული ობიექტურობა არსებობს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან საუკეთესო უნივერსიტეტებში. სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა ბიუჯეტიდან. მე არც ჩემი შვილისთვის, ჩემი ოჯახის არცერთი წევრისთვის არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან. ეს არის მთავარი განსხვავება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.