ირაკლი ღარიბაშვილი - გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერა არის ფარსი, ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების შეურაცხყოფა
ირაკლი ღარიბაშვილი - გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელმოწერა არის ფარსი, ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების შეურაცხყოფა

გამორიცხულია „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ყველამ ერთად, შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩისა და საელჩოს უშუალო მონაწილეობით დაასრულა ამ დოკუმენტზე მუშაობა და ყველამ მოაწერა ხელი.

„ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ამის თაობაზე განვაცხადეთ, რომ მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრების შარლ მიშელის, აშშ-ის ელჩის, საელჩოს უშუალო მონაწილეობით, მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა, მაშინ ყველამ მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში არსებობდა. შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და წარმოიდგინეთ, მათთვის და იმისთვის, რომ რეალურად ჩვენი სახელმწიფოსთვის გადავდგით ასეთი კომპრომისული ნაბიჯები, იმისთვის, რომ დამშვიდებულიყო ვითარება და იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყო, ამაზე ნაწილობრივ წამოვიდნენ. გახსოვთ ალბათ, რომ ბოლო მომენტამდე არ შემოდიოდნენ პარლამენტში, ბაზარში რომ არის, ასეთი ტიპის ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყველა ის რეფორმები დაწყებული გვქონდა დოკუმენტის ხელმოწერამდეც, ამის შემდეგაც გავაკეთეთ, ველოდეთ 100 დღე. მიუხედავად მოწოდებებისა, თხოვნისა, ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისა, მათ იგნორირება მოახდინეს ჩვენი პარტნიორების და არ მოაწერეს ხელი ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს პოლიტიკაა, ჩვენ ქვეყანას ვმართავთ და ეს არის რეალურად სახელმწიფოს ინტერესები პირველ რიგში არის ჩვენი საქართველოს და მოსახლეობის ინტერესები, შემდეგ არის დანარჩენი სხვა. ამიტომაც ჩვენ ველოდეთ, ამის შემდეგ ანულირება მოვახდინეთ, გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ვალიდური და ლეგიტიმური, როცა ორივე მხარე აწერს ხელს. მაშინ როდესაც ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ თემა დახურულია ასევე განვაცხადეთ, რომ ყველა რეფორმა გრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დაუბრუნდება თუ არა „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს ხელმოწერა არის ფარსი და ტყუილი, შეურაცხყოფა ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების“.