ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალარ კარისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ევროინტეგრაციის გზაზე კი საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი