ირაკლი ღარიბაშვილი - ერთიანი ძალისხმევით და განახლებული ენერგიით შევძლებთ, დავძლიოთ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთიანი ძალისხმევით და განახლებული ენერგიით შევძლებთ, დავძლიოთ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს

ერთიანი ძალისხმევით და განახლებული ენერგიით შევძლებთ, დავძლიოთ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მან ირაკლი კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა მიულოცა.

მინდა, მივულოცო ირაკლი კობახიძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა რიგით მეექვსე ყრილობა და ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად ავირჩიეთ ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე. „ქართული ოცნება“, როგორც ერთიანი გუნდი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, განახლებული ენერგიით, განახლებული გუნდით შევძლებთ, ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ამ გამოწვევებიდან და რაც მთავარია, დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ერთიანი გუნდი, რომელიც უკვე მესამედ იქნა გამოცხადებული გამარჯვებულად, მესამედ გამოგვიცხადა მოსახლეობამ ნდობა საპარლამენტო არჩევნებში და ამ ნდობას ყველა ერთად მოვუფრთხილდებით. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა „ქართული ოცნებისთვის“ გამოწვევაა.

„რა თქმა უნდა, პარტიიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა ჩვენთვის ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ბატონი ბიძინა, არის პარტიის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი და სწორედ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ყველა პრობლემას ვუპასუხოთ სათანადოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.