ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებსა და მილიონობით ტურისტს
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებსა და მილიონობით ტურისტს

ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო; სულ რაღაც ერთ წელიწადში საქართველოში გაიხსნება პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, ანუ სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორებსა და პარტნიორებთან ერთად, სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ღარიბაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი ლარია.

„70 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენთვის სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული სავაჭრო ქალაქი გაიხსნება, ორი ათასი ადამიანი დასაქმდება. პროცესში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტირებაში ჩართულია ესპანური კომპანია, რომლის დაპროექტებულია მადრიდის და ბარსელონას „აუთლეტ ვილიჯები“. ამას გარდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ სავაჭრო სივრცეს მენეჯმენტს გაუწევს მსოფლიოს ტოპკომპანიებში შემავალი ამერიკულ-ევროპული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია. მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმის განვითარება. მოგეხსენებათ, 2019 წელს ცხრა მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული ქვეყანაში. პანდემიამ, ბუნებრივია, დააზარალა ტურიზმის სექტორიც, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმი გვაქვს იმისა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა. წელს უკვე მილიონი ტურისტი შემოვიდა საქართველოში, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ ეკონომიკის აღდგენა, გვაქვს 12%-იანი ზრდა და ის სიგნალები და იმპულსები, რაც ბიზნესისგან მომდინარეობს, ძალიან საიმედოა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ გარდაბნის ტერიტორიაზე, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. პროექტის ინვესტიციის მოცულობა 70 მილიონი ლარია. „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.