ირაკლი ღარიბაშვილი - „ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს, ისინი მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს
ირაკლი ღარიბაშვილი - „ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს, ისინი მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს

ყველა „ენჯეოს“ არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს, ყოველდღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, როგორ მონაწილეობდა რამდენიმე „ენჯეო“ რადიკალურ აქციებში.

„ტრაგედიაა, მით უმეტეს, ჩვენ არ ვიცით, რა საქმიანობას ეწევიან ისინი, უფრო სწორად ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, რა საქმიანობას ეწევიან „ენჯეოები“. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ის „ენჯეოები“ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს, თავად იყვნენ ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში ჩართული. გახსოვთ ლგბტ ორგანიზაციის „ენჯეოს“ უკან ვინ იდგა, „ნაცმოძრაობა“, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ა. შ. ლოგიკური კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ თავად ამ „ენჯეოებმა“. უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“. წლების განმავლობაში თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს – ყველას და სანაცვლოდ, როცა ჩვენ, საზოგადოება ვსვამთ კითხვებს, ეს არის მიუღებელი, ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.